ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები » ქართული უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) ვიდეო ლექციები

სარჩევი:

ლექცია #1. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ლექციის თემა: „საქართველოს ისტორიის შესავალი“. ლექციაში საუბარია ზოგადად ისტორიის როგორც სასწავლო დისციპლინის მნიშვნელობაზე და კონკრეტულად საქართველოს ისტორიის როლზე. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში მცირერიცხოვანი ერები, მათი ტრადიციები, ღირებულებები სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ისტორია ქართული ეროვნული ცნობიერებისა და ქართველობისათვის განსაკუთრებულია, რომლის მეშვეობით წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მუდმივი კავშირია.

 

ლექცია #15. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე; ლექციის თემა: "საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესავალი". საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ისტორიის შესწავლაში საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის წყაროებზე, ისტორიოგრაფიაზე. სამწუხაროდ ჟამთა ვითარების გამო ბევრი უნიკალური საეკლესიო დოკუმენტი, ქრონიკები განადგურდა, როგორც შუა საუკუნეებში, ასევე XIX-XX საუკუნეებში, მაგრამ ის, რაც გადარჩა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს აღადგინონ ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიის საინტერესო ფურცლები. ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით XIX საუკუნის II ნახევრიდან არაერთი საინტერესო ნაშრომი შეიქმნა საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ავტორები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდნენ რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების უკანონობაზე, რომლითაც 1811 წელს გაუქმდა პატრიარქობა და დაწესდა საეგზარქოსო მმართველობა. XX საუკუნის 20-80-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაწერილი ნაშრომები ათეისტური ხელისუფლების შეკვეთით იქმნებოდა. ვითარება შეიცვალა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც მკვლევარებს საშუალება მიეცათ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე დაეწერათ სიმართლე.

 

ლექცია #18. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე; ლექციის თემა: ”საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა”. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული პერიოდია 1811-1917 წლები. ამ დროს რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ გაუქმებული იყო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ეკლესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ნაცვლად ხელმძღვანელობდნენ რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსები, რომლებიც გამოხატავდნენ რა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს დევნიდნენ ქართულ საღვთისმსახურო ენას, ქართულ გალობას და ცდილობდნენ მოსახლეობის გარუსებას.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში წარმატებით დაგვირგვინდა, 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საზეიმოდ გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა... 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულმა საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განსაზღვრა ეპარქიების რაოდენობა, გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატები, 17 სექტემბერს აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. „არ ვართ მონა, არამედ აზნაურ“ - ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ საქართველოს.

 

ლექცია #2. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „საქართველო და გარე სამყარო“. ლექციაში საუბარია XVI-XX საუკუნეებში საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ხელში ჩაგდებისათვის სამ იმპერიას შორის საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ომები, ომების შედეგები აისახებოდა ზავებში. ოსმალეთსა და ირანს შორის საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადანაწილება პირველად ამასიის ზავით (1555 წ.) დაკანონდა. ამასიის ზავს XVI-XVII საუკუნეებში კიდევ რამდენიმე ზავი მოჰყვა. 1700 წლიდან საქართველოს ისტორიული ტერიტორიისათვის ბრძოლაში ჩაება რუსეთი. რუსეთ-ირან-ოსმალეთის დაპირისპირება გაგრძელდა ორ საუკუნეზე მეტხანს. საბჭოთა რუსეთმა და ოსმალეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორია ბოლოს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით გადაინაწილეს.

ნაწილი #1

ნაწილი #2

 

ლექცია #13. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს“. ლექციაში საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომზადებაზე, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოღვაწეობაზე 1917 წლის გაზაფხულიდან 1918 წლის 26 მაისამდე. ყურადღება გამახვილებულია ტრაპიზონის კონფერენციაზე, ბათუმის კონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წლის 14 მაისის, 16 მაისის, 17 მაისისა და 25 მაისის სხდომებზე. საგანგებო ადგილი ეთმობა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 26 მაისის სხდომას; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 

 

ლექცია #17. პროფესორი ვახტანგ გურული. ლექციის თემა: „ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია 1724-1801 წლებში“. ლექცია ეძღვნება ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შემუშავებასა და განხორციელებას 1724 წლიდან რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობამდე. კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლები თეიმურაზ ერეკლეს ძე (მომავალი მეფე თეიმურაზ II) და მისი ვაჟი ერეკლე (მომავალი მეფე ერეკლე II) ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის პრორუსული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მარცხის შემდეგ, 1735 წლიდან, დაადგნენ პროირანულ ორიენტაციას, რომელსაც წარმატებით ახორციელებდნენ 30 წლის განმავლობაში. პროირანული ორიენტაცია ერეკლე II-მ 1768 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ შეცვალა - ქართლ-კახეთის სამეფო ომში რუსეთის მოკავშირე გახდა. პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა 1783 წელს დასრულდა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლით და საბოლოოდ რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით. 

 

ლექცია #22: პროფესორი ვახტანგ გურული. ლექცის თემა: „ილია ჭავჭავაძე (ნააზრევისა და ნაღვაწის შეფასებისათვის)“. ლექციის შესავალ ნაწილში დახასიათებულია ილიამდელ საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარება (სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი, ეკლესიური აზროვნების შესუსტება, სწავლა-განათლების კერების მოშლა, კუთხურობისა და კლანურობის გაძლიერება). ლექციის ძირითადი ნაწილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას ქართველობისა და საქართველოს გადასაჩენად, ყურადღება გამახვილებულია ეროვნული მოძრაობის პროგრამასა და მისი განხორციელების გზებზე, განხილულია ილია ჭავჭავაძის ის პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ილია აყალიბებს ეროვნული მოძრაობის სამოქმედო პროგრამას და მსჯელობს მისი განხორციელების გზებზე.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი I). ლექციის პირველ ნაწილში დახასიათებულია ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდი. კონკრეტულად წარმოდგენილია შემდეგი საკითხები: 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში, 1812 წლის აჯანყება კახეთში, 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთში, 1832 წლის შეთქმულება.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი II). მეორე ლექციაში წარმოდგენილია საკითხები: XIX საუკუნის 60-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა, წინააღმდეგობანი ეროვნული მოძრაობის შიგნით, ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური მემკვიდრის პრობლემა, ეროვნული მოძრაობის საშლა ცალკეულ მიმდინარეობებად, ეროვნული მოძრაობის მონაპოვარი.

 

ლექცია #23; პროფესორი ვახტანგ გურული, ლექციის თემა: ეროვნული მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში. (ნაწილი III). ლექციაში წარმოდგენილია ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია XIX საუკუნის მიწურულიდან და XX საუკუნის დამდეგიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ამ პერიოდისათვის ერთიანი ქართული ეროვნული მოძრაობა უკვე აღარ არსებობდა, ხოლო ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების სახით. ამ პერიოდში ეროვნულ ძალებზე აშკარად იმძლავრეს სოციალისტური ორიენტაციის ძალებმა, რომლებიც ებრძოდნენ ეროვნულ ღირებულებებს და ცდილობდნენ კოსმოპოლიტიზმის დამკვიდრებას ქართულ სინამდვილეში.

 

ლექცია #3. ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული. ლექციის თემა ,,საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითხი რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე (1906 წელი)“. სალექციო თემაზე წარმოდგენილი იყო მთელი რიგი საკითხები: პეტრე დიდის შემდეგ რუსეთის ეკლესიაში არსებული ვითარება, პატრიარქობის გაუქმება, რუსეთის უწმიდესი და უმართებულესი სინოდის დაარსება, 1905-1906 წლების მოვლენები, რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირის მოწვევის საკითხი და თუ როგორ დადგა დღის წესრიგში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითხი რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირის მუშაობის პერიოდში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავოტკეფალიის აღდგენისათვის ქართველი მღვდელმთავრებისა (ეპისკოპოს კირიონის, ეპისკოპოს ლეონიდის) და ქართველი მეცნიერების (ნიკო მარის, ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის) მოღვაწეობას, კერძოდ, მათ პოლემიკას რუს სამღვდელოებასთან (ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან) და რუს მეცნიერებთან (ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო სამართლის ცნობილ მკვლევარებთან). რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე ქართველი სამღვდელოებისა და მეცნიერების მოღვაწეობის შესწავლის გარეშე ვერ დაიწერება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენისათვის ბრძოლის ისტორია და საერთოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია. გარდა ამისა, ზემოხსენებული პრობლემის შესწავლის გარეშე სრულფასოვნად ვერ გაშუქდება XX საუკუნის დამდეგის საქართველოს ისტორია.

ნაწილი #1

ნაწილი #2

 

ლექცია #4. ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. ლექციის თემა: ”1924 წლის აჯანყება საქართველოში“. ლექციაში საუბარია 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნულ აჯანყებაზე საქართველოში, მის მნიშვნელობაზე და ასახვაზე საბჭოთა, ემიგრანტულ და თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ საქართველოში მძლავრი ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რაც გამოიხატებოდა სამშვიდობო დემონსტრაციებში. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მშვიდობიანი ფორმები მალევე შეიარაღებულმა აჯანყებებმა შეცვალა სვანეთსა და ფშავ-ხევსურეთში 1921-1922 წლებში. საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) აგენტურულ მუშაობას ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ შედეგად მათი განადგურება მოჰყვა. ქართული ეროვნული ძალები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო იყო ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზება მთელი კავკასიის მასშტაბით. დიდი მცდელობის მიუხედავად 1924 წელს კავკასიის მასშტაბით აჯანყების ორგანიზება ვერ მოხერხდა. ქართველი პატრიოტები კვლავ პირისპირ დარჩნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რამაც აჯანყების მარცხი განაპირობა. აჯანყების დამარცხების შემდეგ მთელ საქართველოში უსასტიკესი რეპრესიები დაიწყო, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

 

ლექცია #11. ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. ლექციის თემა: „ქართული პოლიტიკური ემიგრაცია 1921-1933 წლებში". 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წარმოებული შეიარაღებული აგრესიის შედეგად საქართველოს მთავრობისა და პარლამეტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. ქართველმა პოლიტიკოსებმა მიზნად დაისახეს საერთაშორსიო არენაზე განეგრძოთ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. პირველი იმედი გაჩნდა 1922 წლის აპრილ-მაისში იტალიაში, გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დროს, თუმცა ინგლისის გავლენით საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელი არ დაასწრეს მას. ეს გარემოება განპირობებული იყო ინლის-საბჭოთა რუსეთის დაახლოებით. ინგლის რუსეთი სჭირდებოდა როგორც გასაღების ბაზარი და ნედლეულის მთავარი მიმწოდებელი. საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დასაშლელად. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა სოციალ-დემოკრატ ნოე რამიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი კიდევაც 1930 წლის 7 დეკემბერს. ქართული პოლიტიკური ემიგრაციისთვის არანაკლებ დამთრგუნველი იყო საბჭოთა კავშირ-საფრანგეთს შორის 1932 წელს თავდაუსხმელობის პაქტის დადება, რომლითაც ორივე მხარე იღებდა ვალდებულებას არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე ისეთი ორგანიზაციის არსებობა, რომლის საქმიანობა მიმართული იქნებოდა პაქტზე ხელმომწერი მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა 1933 წელს, რის შემდეგაც ქართულმა ლეგაციამ საფრანგეთში არსებობა შეწყვიტა.

 

იხილეთ მომდევნო გვერდი

 

 

 

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები