გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

2018 წლის 10 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი ქართველი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ისაუბრა გურამ ასათიანის, როგორც გამორჩეული ანალიტიკური ტალანტით დაჯილდოებული კრიტიკოსის ლიტერატურათმცოდნობით ღვაწლზე, მისი აზროვნებისა და თვალთახედვის სიფართოეზე.

ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა თავის მოხსენებაში - „გურამ ასათიანი - წვლილი ქართული კრიტიკის ისტორიაში“ - წარმოაჩინა გურამ ასათიანის შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკა, კრიტიკოსის კვლევის მეთოდოლოგია და სტილი, მისი წვლილი ქართული მწერლობის შესწავლის ისტორიაში.

პროფესორმა ამირან არაბულმა ისაუბრა გურამ ასათიანის ფოლკლორულ ძიებებზე, მის დამსახურებაზე ეროვნული ზეპირსიტყვიერების ფართო თოერიულ ჭრილში ინტერპრეტირების საქმეში.

პროფესორი ნინო მამარდაშვილი თავის მოხსენებაში - „გურამ ასათიანის ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევიდან“ - შეეხო გურამ ასათიანის კრიტიკული ნააზრევის თავისებურებებს, მის წვლილს ქართული პოეტური აზროვნების ევოლუციის შესწავლის ისტორიაში.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის II კურსის სტუდენტის ანა პაპუნაშვილის მოხსენება - „გურამ ასათიანის ჩანაწერები“ - შეეხებოდა კრიტიკოსის არქივში დაცულ ცალკეულ შენიშვნებს ქართული ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე, რომლებიც აქტუალობას არც სადღეისოდ კარგავს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი მანანა ტაბიძე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და გურამ ასათიანის ოჯახის წევრები.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები