აკადემიური მოსწრების მაღალი მაჩვენებელი (99, 5) და დამსახურებული სტიპენდია » სიახლეები » ქართული უნივერსიტეტი
სიახლეები

აკადემიური მოსწრების მაღალი მაჩვენებელი (99, 5) და დამსახურებული სტიპენდია

სკოლიდანვე წარჩინებული, ოქროს მედალოსანი, უნივერსიტეტის პირველი კურსიდან კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II სახელობის სტიპენდიის მფლობელი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების III კურსის სტუდენტი სოსანა გრიგალაშვილი ერთმანეთს დიდი მონდომებით უთავსებს სწავლას და სამსახურს. ასეთი სტუდენტით ნებისმიერი უნივერსიტეტი იამაყებდა, თუმცა თვითონაც ამაყობს იმით, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტია.

სოსანა მოგესალმები.

- მოგესალმებით.

- პატრიარქის სტიპენდიანტობა დიდი პატივი და პასუხიმგებლობაა, გისრურვებ ღირსეულად გეტარებინოს ეს სტატუსი. გაგვეცანი, სად დაამთავრე სკოლა, როგორ სწავლობდი, რომელი საგნები გიყვარდა ბავშვობიდან?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ქართული უნივერსიტეტი არცერთ სტუდენტს არ ტოვებს უყურადღებოდ, არ გამორჩება ვინმეს სულ მცირედი წარმატებაც კი. მიხარია, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასეა. მოკრძალებულ მადლიერებას გამოვხატავ დაინეტერესებისთვისა და მხარდაჭერისთვის.

რა თქმა უნდა, უწმინდესი და უნეტარესის სახლობის სტიპენდიანტობა დიდი პატივი და პასიხისმგებლობაა. ფაქტობრივად, ჩემთვის სტუდენტობა და პატრიარქის სტიპენდიანტობა ასოცირდება ერთმანეთთან, რადგან პირველივე კურსიდან მერგო ეს ჯილდოდ და მას შემდეგ ამ სტატუსს ვატარებ. გულწრფელი, რომ ვიყო ძალიან ვუფრთხილდები ამ მდგომარეობას, რისთვისაც მუდამ ფორმაში ყოფნა და დიდი შრომაა საჭირო, რაც არც ისე მარტივია. ყოველი სემესტრის დასაწყისში, როდესაც ამ ამბავს მაცნობენ, ისევე მიჩქარდება გული და ისევე ვნერვიულობ, როგორც პირველად. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო დიდი მოტივაციაა, მეტად ვიაზრებ სიხარულთან ერთად დაკისრებულ პასუხიმგებლობას. დამეთანხმებით, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეპოქალური, ფენომენოლოგიური პიროვნებაა, რომელიც არა მარტო რწმენის, არამედ ცოდნის, (ნიჭიერების სხვდასხვა ასპექტში) ზნეობის, მორალურობის განვითარების სრულყოფილებას აღწევს. ილია მეორე ბრძანებს: „ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებს ურთიერთს, ცოდნა მსგავსია სანთლისა. “სწორედ აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქის სტიპენდიანტობა „სინთეზირებული“ განვითარებისკენ მიბიძგებს, რაშიც უწმინდესის მეოხებას ვგრძნობ.

ჩემი ბავშვობის წლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვფიქრობ, ჩემ ძლიერ მხარედ იქცა ის ფაქტი, რომ სხვადახვა ტიპის სკოლებში ვსწავლობდი, როგორც საჯარო, კერძო, ასევ სასულიერო სასწავლებელშიც, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. საბოლოოდ კი სკოლა დავამთავრე სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, კერძო სკოლა „ინტელექტში“, როგორც საქართველოს წარჩინებულმა მოსწავლემ, ოქროს მედლის მოპოვებით. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, ოჯახს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემი საყვარელი საგნები იყო ფიზიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. ყოველთვის მიზიდავდა სიახლეები და რაიმე რთულის შემეცნება. გარდა სასწავლო პროცესისა, დაკავებული ვიყავი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, (ვცეკვავდი, ვმღეროდი ეთნომუსიკის თეატრ „ამერ-იმერში“, დავასრულე სამუსიკო თერთმეტწლედი სკოლა საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით)  ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტებში.

რამდენად გააზრებულად აირჩიეთ პროფესია, რატომ აირჩიეთ ქართული უნივერსიტეტი და ეს ფაკულტეტი და თუ ხართ კმაყოფილი?

- სხვადასხვა ასაკში განსხვავებული პროფესიები მიზიდავდა და ვცდილობდი უფრო ახლოს გავცნობოდი მათ, უშვალოდ ჩართული ვყოფილიყავი ჩემს მომავალ საქმიანობაში. თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც პუბერტულ პერიოდში მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა. საკუთარ თავს და გარემოს, ჩემს რეალობას მუდმივად ვაკვირდებოდი და როდესაც აღმოვაჩინე, რომ მე ისეთი არ ვიყავი, როგორსაც „სამყარო“ აღმიქვამდა, გადავწყვიტე მეტად გამერკვია და ღრმად შევხებოდი ამ საკითხს. დამეთანხმებით, რომ საკუთარი თავის შეცნობა უპირველესია ადამიანისთვის, რათა საკუთარი მთლიანობა გააცნობიეროს, „მე“-ში იპოვოს საყრდენი და თავად იყოს ცხოვრების დირიჟორი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე მესწავლა. უნივერსიტეტის არჩევანიც გააზრებულად გავაკეთე. ვიყავი ღია კარის დღეზეც და ჩემთვის პატივსაცემ, ამასთან განათლების სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს რჩევაც ვკითხე. მივხვდი, რომ ქართული უნივერსიტეტი იყო ის ადგილი, სადაც მივიღებდი ხარიხიან განათლებას, გამოცდილებასა და შევძლებდი მუდმივად თვითრეალიზებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა.

- სად , რომელ სფეროში ხედავ საკუთარ თავს მომავალში? რა არის შენი საბოლოო მიზანი?

- ფსიქოლოგიის ფაკულტეტი გამორჩეულია იმით, რომ ფართო ასპექტით ვიღებთ საბაზისო, ძირეულ ცოდნას. ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას ვეხები. განაკუთრებით მაინტერესებს ფსიქოთერაპია და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. ძნელია საბოლო მიზანზე საუბარი, თუმცა, აღვნიშნავ, რომ მინდა რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული ვაკეთო საზოგადოებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. მე ადამიანებთან ურთიერთობით ვსაზრდოობ, ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ხალხთან კომუნიკაცია მანიჭებს. ვფიქრობ, ფსიქოთერაპია ეს არის გზა, რომელიც ადამიანთან უფრო ახლოს მიმიყვანს და ამასთან ერთად საშუალება, დავეხმარო კლიენტს უკეთესად გაიგოს თავისი პრობლემები; აღმოფხრვრას ემოციური დისკომფორტი; თავისუფლად გამოხატოს გრძნობები. ამ დგომარეობამდე ბევრი რამ მაქვს სასწავლი და გადასალახი, თუმცა დიდი მოტივაციისა და შრომის წყალობით შეიძლება მიღწევა, თანაც ხომ შეუძლებელი არაფერია.

- ხომ არ მონაწილეობ სტუდენტურ პროექტრებში ან სამეცნიერო კონფერენციებში?

- ქართული უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა სტუდენტური პროექტების მრავალფეროვნებით. დიახ, ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში, როგორც სამეცნიერო, ასევე სტიპენდიანტთა კონფერენციებში.

- როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

- ვეთანხმები სენეკას, რომ დრო, რომელიც გვაქვს ცოტა კი არ არის, არამედ ბევრია, რომელსაც არ ვიყენებთ. ხშირად დროის არასწორი განაწილების მსხვერპლი ვხდებით ხოლმე, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია აკადემიური მოსწრება და შესაბამისად აკადემიური ცოდნის მიღება, მიმაჩნია, რომ ძალიან ღირებულია  სულიერი განტვირთვა.

დიდ სიამოვნებას ვიღებ შემოქმედებით ღონისძიებებზე დასწრებით. ძირითადად ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად დავდიავრ კლასიკური მუსიკის საღამოებზე, გამოფონებზე.

აგრეთვე სტაჟირებას გავდივარ დიმიტრი უზნაძის სასწავლო-საკონსულტაცო ცენტრში, სადაც საშუალება მაქვს პროფესიული მიმართულების ტრენინგები გავიარო, თითქოს ერთგვარ ჰობად მექცა საჯარო ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრება. საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსიტუტში ორგანიზატორი ვარ ყოველკვირეული ღია ლექციების, რომელიც ოთხშაბთობით ტარდება. (ამისთვის მადლიერებას გამოვხატავ ქალბატონ თეა გოგოტიშვილისა და ბატონ დიმიტრი ნადირაშვილის მიმართ).

ამასთან ჩემი დროის ნაწილს ვუთმობ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კვლევით საქმიანობას. ქართულ უნივერსიტეტში შოთა ნადირაშვილის სახელობის ლაბორატორიაში ასისტირებას ვუწევ ქალბატონ მაია კალანდარიშვილს, ვატარებთ ექსპერიმენტებს  სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით.

ჩემი დროის ძვირფასი ნაწილი კი უკავია ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას, ეს არის ის ძალა, რომელიც მამხნევებს, მოტივაციას მაძლევს და ჩემ ცხოვრებას აზრს აძლევს.

რა არის უმთავრესი შენთვის, სწავლა და კარიერული წინსვლა თუ სხვა რამ?

- კარიერა და სწავლა არის იმ მთელის ნაწილი, რომელიც ჩემს არქეტიპულ ცოდნასთან, იდენტობასთან, ინტერესებთან, წარმოშობასთან, ბავშობასთან, გამოცდილებებთან, სულიერებასთან, შეგრძნებებთან, მიზნებთან, ურთიერთობებთან ერთად მქნის „მე“. როგორ შეიძლება ამ მთელის ნაწილი იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის მთლიანობა, რომელიც ქმნის იმ ჰარმონიას, რომელიც არის ადამიანი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პიროვნების შექმნის პროცესი (საკუთარი თავის), რომლის ნაწილიც არის კარიერა და სწავლა. „ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს საერთოს“- წერს სარტრი. მისი აზრით, ადამიანი ქმნის საკუთარ თავს ისეთად, როგორი წარმოდგენაც აქვს ზოგადად ადამიანობაზე. ჩემი აზრით, თითოეული ადამიანის ზრდა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის და შესაბამისად პასუხისმგებლობის ტოლფასია.

- რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ უნივერსიტეტში, რას გამოარჩევდი?

- სწორედ ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, ქართულ უნივერსიტეტში ჩემთვის დასაფასებელია პიროვნების აღიარების და მისი რესურსების განვითარების პრინციპით მუშაობა. ფაქტია, რომ ქართული უნივერსიტეტი ჩემი ინტერესების ფარგლებში მაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი თავი და ვიმუშავო შესაძლებლობების ზრდაზე, რისთვისაც უაღრესად მადლიერი ვარ!

- ხარ წარმატებული სტუდენტი და უკვე ქართული უნივერსიტეტის თანამშრომელი. როგორ ახერხებ სწავლასთან ერთად მუშაობას და რა მიმართულებით ხარ დასაქმებული?

- დიახ, დასაქმებული ვარ სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში, ადმინისტრატორის პოზიციაზე. არ შემიძლია მადლიერებით არ აღვნიშნო ჩემი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ხელშეწყობა, სწორედ მათი დახმარებით ვახერხებ სწავლის და სამუშაოს შეთავსებას. მაქვს საშუალება სალექციო პროცესში სრულყოფილად ვიყო ჩართული და ვიმუშაო ჩემთვის მოსახერხებელ საათებში.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

ესაუბრა ნინო აბრამიშვილი

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები