აბსტრაქტი » ქართული უნივერსიტეტი
აბსტრაქტი

2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“. აღნიშნული კანონის მიღება განაპირობა საქართველოში განხორციელებულმა რეფორმამ, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდა საქართველოს საჯარო სამსახურის ახალი მოდელი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალმა კანონმა 2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოაცხადა  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტები.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის  მიზანია საჯარო სამსახურის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ძირითად მიდგომებს; საჯარო სამსახურის სისტემამ უნდა უზრუნველყოს საჯარო მმართველობის განხორციელება სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ეფექტიანი ადმინისტრირების პრინციპზე დაყრდნობით, რაც უნდა ემსახურებოდეს საჯარო სამსახურში მოტივაციის გაზრდას და საჯარო მოსამსახურეებისადმი მოსახლეობის ნდობის განმტკიცებას.

საჯარო სამსახურის ერთიან სისტემაში საჯარო სამსახური ხორციელდება საჯარო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების მიერ, რომელთა შორისაც განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს ძირითადი შინაარსი მდგომარეობს პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის და მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების შექმნის საკითხების განსაზღვრაში.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი ახდენს პროფესიული მოხელის თანამდებობების ოთხ რანგში გადანაწილებას და ადგენს თითოეული თანამდებობისათვის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ვალდებულებას. საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მოხელეთა პროფესიული კვალიფიკაციის სტანდარტების განსაზღვრა და შესაბამისი სწავლების მოდელის შემუშავება. აღნიშნული კანინის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის 242 დადგენილებით დამტკიცდა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროების განსაზღვრის წესი, პროფესიული განვითარების სტანდარტი და წესი, რომელიც ადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის პროცედურას, აგრეთვე  მოხელის სავალდებულო პროფესიული განვითარების სტანდარტებსა და სავალდებულო პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის კონტროლის წესს.

საჯარო სამსახურის პროფესიული განვითარება და ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ელემენტია მისი ფინანსური უზრუნველყოფა. საჯარო მმართველობის ფუნქციათა ზრდა იწვევს ფინანსური ხარჯების ზრდას, რაც აქტუალურს ხდის დისკუსიას საჯარო ფინანსების მართვის და კონტროლის თანამედროვე მექანიზმების აუცილებლობაზე. საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ინსტრუმენტების დანერგვა საჯარო დაწესებულებებში არის საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება. ეფექტიანობის აუდიტი არის ინსტრუმენტი, რომლის დანერგვა არის რეფორმის დღის წესრიგის აქტუალური თამა. საჯარო ფინანსების ხარჯვის და მისი შედეგების განსზღვრის ფარგლებში უნდა განიზაღვროს საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიული განვითარების ფინანსური უზრუნველყოფის ქართული მექანიზმები.

საუნივერსიტეტო კონფერენციის მიზანია საზღვარგარეთის საუკეთესო პრაქტკიკის შესწავლის საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები საქართველოში პროფესიული საჯარო მოხელის სწავლების სისტემის დასანერგად. უნდა გაანალიზდეს საჯარო მოხელეთა სწავლების საუნივერსიტეტო  (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის) და პროფესიული განათლების საფეხურების ადგილი და ქვეყანაში არსებული ცალკეული სასწავლო ცენტრების როლი მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხში. უნდა შემუშავდეს თითოეული საფეხურის სამართლებრივი აღიარების მექანიზმები.  უნდა გაანალიზდეს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საქმეში თითოეული საჯარო დაწესებულების ფინანსური ვალდებულებების შექმნის სამართლებრივი მოწესრიგების ალტერნატივები, რომელიც აუცილებელია მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ქმედითი მექანიზმების დამკვიდრებისათვის. 

For English press here

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები